პრემიერ-მინისტრი დევნილებს შეხვდა

   პრემიერ-მინისტრი  სამშენებლო კომპანია ” ბლოკ ჯორჯიას” დევნილთა საცხოვრებელი ბინების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვის ვადას აძლევს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობების დათვალიერების დროს განაცხადა.

“სამშენებლო კომპანიებს აქვთ ხარვეზები და სწორად შეარჩიეთ კომპანიები. აქ სიჩქარე და ფუქსავატობა არ შეიძლება, მთავარია, ხარისხიანად აშენდეს. მშენებარე კომპანიები დაისჯებიან. მოვითხოვ, გამოასწორონ ხარვეზები, სასწრაფოდ გამოასწორებინეთ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით დარახველიძეს.

პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულ დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ჰყოფს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, ვინც დევნილად იქცა.

“ეს საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის შენდება. ამდენი წლის შემდეგ, თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი – ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. მისასალმებელია ისიც, რომ კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოგდგომოდით მხარში. ეს საცხოვრებელი კომპლექსი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ, მთავრობა დევნილების მდგომარეობით სპეკულირებაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ თქვენთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ დევნილებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი – საშუალოდ 8000 ადამიანი საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდა. პრემიერმა გრძელვადიანი განსახლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაისში ფართო მასშტაბის მშენებლობა დაიწყება თბილისსა და ქუთაისში. 2015 წელს კი დაიწყება კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში, ასევე მასშტაბური მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში.

“ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ თქვენ ღირსეულად იცხოვროთ. მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდითაა”, – მიმართა პრემიერმა დევნილებს. სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 – დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამატებით 50 დევნილი დასაქმდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რის შედეგადაც დევნილ ოჯახებს 256 ბინა გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილს მშენებლობაზე დახვდნენ დევნილები, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი არ ჰქონდათ. მათ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, 74-ბინიან კორპუსში ბინები გადაეცათ, რისთვისაც პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები