თამარ ბოლქვაძის ,,ლექსით საუბარი“
პოეტი თამარ ბოლქვაძე პოეზიის თაყვანისმცემლებს მორიგი პოეზიის საღამოზე ეპატიჟება. საღამო 5 აპრილს, 17 საათზე, კლუბ “ზაზანოვაში” გაიმართება. საღამოს ,,ლექსით საუბარი“ ჰქვია. ,,კვირა“ დაუკავშირდა ხელოვანს და კომენტარი სთხოვა: „საღამოს ,,ლექსით საუბარი“ იმიტომ დავარქვი, რომ რასაც ვგრძნობ, განვიცდი, მიყვარს თუ მტკივა, მაწუხებს, მახარებს – ყველაფერს ლექსებით ვამბობ, ლექსი ჩემი სულის კარდიოგრამაა!.. ეს ყველაფერი ღია საუბრების, კითხვა-პასუხის ფონზე იქნება. კითხვის დასმის საშუალება ყველა დამსწრეს მიეცემა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ მაია ბარათაშვილი იქნება და იმედია, ჩემი წუთშესვენების დროს მათთვის ჩვეული, განუმეორებელი ხელწერით მაია და ზაზა საინტერესო ჯაზურ კომპოზიციას შემოგვთავაზებენ. მაია და ზაზა მარჯანიშვილი ერთ-ორ კომპოზიციას შემოგვთავაზებენ. გარდა ამისა, მარინა სალუქვაძემ, ზაზა მარჯანიშვილმა და მე ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ, ამ კულტურული დეკადანსის ფონზე შეგვექმნა ერთგვარი სააზროვნო კუნძული ,,ზაზანოვაში“. ამ წამოწყებას სალონ “ზაზანოვას” “კარცერ-ლუქსი“ შევარქვით. “აქ სხვადასხვა პროფესიის უცნობი – ცნობილები საინტერესო საკითხებზე ისაუბრებენ, იმაზე, რაც გვაწუხებს და გვტკივა. გვინდა მოვუსმინოთ რაციოს და გამოსავალი ერთად ვიპოვოთ. თამარ ბოლქვაძემ ლექსების პირველი კრებული 2007 წელს გამოსცა. ტელევიზიაში მუშაობის ათი წლის მანძილზე მას 4 საავტორო გადაცემა და ერთი დოკუმენტური ფილმი მოამზადა.