“ზუგდიდი ვინმეს საპარპაშოდ აღარ უნდა იქცეს“
დადგა დრო, ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ადგილობრივ მოსახლეობასთან მოახლოებულ არჩევნების თემაზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მას ღრმად სწამს, რომ ხალხი ამ არჩევნებშიც ნდობას “ქართულ ოცნებას“ გამოუცხადებს .
“გვიახლოვდება არჩევნები. ახლა დადგა დრო, ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მე დღეს არ დავიწყებ იმის გარჩევას, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, უბრალოდ ვიტყვი, – ვინმეს საპარპაშოდ აღარ უნდა იქცეს ზუგდიდი, ამ ქალაქს ეს არ ეკადრება. სულ ცოტა დროა დარჩენილი 15 ივნისამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი გამოუცხადებს ნდობას ჩვენს პოლიტიკურ ძალას. ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქცევადს გახდის; ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მოწინავე, პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება“,-აღნიშნა პრემიერმა.