ბათუმში სახელმწიფო პროგრამის ,,სტარტაპ საქართველოს” პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს საპარტნიორო ფონდი ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში პროგრამის პრეზენტაციით ბათუმს ესტუმრნენ.
როგორც “კვირას” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში გამართულ პრეზენტაციას მუნიციპალლიტეტების წარმომადგენლები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ბიზნესმენები, მეწარმეები, სტუდენტები და დაინტერესებული ახალგაზრდები.
სახელმწიფო პროგრამას მოსახლეობის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. პრეზენტაციის განმავლობაში მათ საშუალება მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია და გაცნობოდნენ “სტარტაპ საქართველოს” ყველა მოთხოვნასა და პირობას. „სტარტაპ საქართველოს” დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.
“სტარტაპ საქართველო” 17 ივნისს დაიწყო და მისი განმახორციელებლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი არიან. უნიკალური მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს, განაცხადების მიღება პროექტის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები