სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხელვაჩაურის გამწვანების და დასუფთავების დირექტორი დააკავა – ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით ღ. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში“ შეუფერხებლად მიღება-ჩაბარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 2500 ლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები