ქართველი მეზღვაურები ერთი თვის ხელფასს მიიღებენ და საქართველოში დაბრუნდებიან

    თურქეთის ქალაქ ისკანდერუნში მყოფი ქართველი მეზღვაურების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია. მეზღვაურები ერთი თვის ხელფასს დღეს მიიღებენ. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ განაცხადა.

„დამსაქმებელი არის თურქი პიროვნება, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოში. წარმომადგენელს ვესაუბრეთ და გაირკვა, რომ თურქი დამსაქმებელი მეზღვაურებს ერთი თვის ხელფასის დავალიანებას გადაუხდის, ასევე მეზღვაურები მიიღებენ საგარანტიო წერილს დამსაქმებლიდან, რომ გემის გაყიდვის შემთხვევაში დარჩენილი დავალიანებაც აუნაზღაურდებათ”,- აღნიშნა მამუკა ახალაძემ.

მისივე განმარტებით, რუმინელი გემთმფლობელი გაკოტრდა, რის შემდეგაც მეზღვაურები აფერის მსხვერპლნი გახდნენ.

„მეზღვაურებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ მათ სამსახური ნახეს თურქი დამსაქმებლის მეშვეობით, რომელთანაც ქართულმა წარმომადგენლობამ დააკავშირა. ზოგადად, სიტუაცია იყო ნორმალური, მენეჯმენტი კომპანიაც კარგი ჩანდა, თუმცა გემზე ასვლის შემდეგ მეზღვაურები სულ სხვა სიტუაციაში აღმოჩნდნენ. გემი ამოშლილი იყო დიდი ბრიტანეთის გემების რეესტრიდან, გემთმფლობელიც გაკოტრებული იყო, მეზღვაურები კი ამის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი.საბედნიეროდ, თურქმა დამსაქმებელმა ითავა პრობლემის მოგვარება და გემის გაყიდვასაც ის აპირებს”, – აღნიშნა მამუკა ახალაძემ.

მისივე თქმით, მეზღვაურები საქართველოში დღეს ან ხვალ დაბრუნდებიან. ისკანდერუნში მყოფი ქართველი მეზღვაურები საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები