მანანა კობახიძე მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობით და ზოგადად, გენდერული თანასწორობის საკითხებით. მხარეებმა ისაუბრეს კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ამ მხრივ საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობაზე.
მექსიკელმა პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ქვეყანაში სავალდებულო კვოტირება არსებობს და პარლამენტის ორივე პალატაში 50 პროცენტი ქალია, სხვა სფეროებში ქალები მინიმალურად არიან წარმოდგენილი.
„ძალიან გაუკვირდათ, რომ მაგალითად, პარლამენტშიც, საგარო საქმეთა სამინისტროშიც თანამშრომლებს შორის პროცენტულად ქალები ჭარბობენ. გაუკვირდათ აგრეთვე, რომ გვყავს ქალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კორპუსში ქალები თანაბრად არიან წარმოდგენილი. როგორც ჩანს, მათთან სასამართლოში ქალი საერთო არ არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ მათთან პარლამენტში სავალდებულო კვოტირებაა, როგორც ჩანს ეს არ არის გამოსავალი, რაც მათ ძალიან აწუხებთ და ჩვენი გამოცდილება ძალიან აინტერესებდათ თუ როგორ ვახერხებთ, რომ მთელ რიგ სფეროებში, იგივე განათლების სფეროში განსაკუთრებით ქალები ძალიან აქტიურები არიან. თუნდაც ავიღოთ თავდაცვის სფერო, სადაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების 7 პროცენტი ქალები არიან – ეს მათთვის საკმაოდ საინტერესო სიახლე იყო”, – განაცხადა მანანა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, საუბარი ისტორიულ ჭრილშიც წარიმართა. „მათ მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეძლეს საარჩევნო ხმის უფლების მიცემა ქალებისთვის, მაშინ როცა ჩვენ, ჯერ კიდევ 1919 წელს გვყავდა 5 პარლამენტარი ქალი და პირველი კონსტიტუცია ძალიან მნიშვნელოვნად უზრუნველყოფდა ქალის და კაცის თანასწორობას. ესეც მათთვის ძალიან უჩვეულო ამბავი იყო და აღფრთოვანებული დარჩნენ ჩვენი ამ ისტორიული გამოცდილებით”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტის წევრების მხოლოდ 11 პროცენტია ქალი, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. „ჩვენ ვისაუბრეთ სავალდებულო კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიციატივაზე, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ არის მიღებული, თუმცა პარლამენტმა განიხილა და კენჭისყრის ეტაპზე ვართ გაჩერებული. შესაძლებელია ამან გარკვეულწილად შეცვალოს მდგომაროება პარლამენტში. ჩვენ ძირითადად გამოცდილება გავუზიარეთ ერთმანეთს და გამოითქვა სურვილი, რომ იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დღეს ორივე პარლემენტის საგარეო კომიტეტებს შორის გაფორმდა, სადაც ერთი მიმართულება სწორედ გენდერული თანასწობის საკითხებია, თანამშრომლობა გაღრმავდეს პარლამენტებს შორის, იმიტომ, რომ ბევრი რამ მოეწონათ ჩვენთან არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ისევ როგორც ჩვენთვისაა საინტერსო ამ ქვეყნის გამოცდილება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, მექსიკელი ქალები დღესაც ძალიან აქტიურად იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის.„შარშან, მექსიკაში დავესწარი მსოფლიო პარლამენტარი ქალების ფორუმს და მომეცა სიტყვით გამოსვლის საშუალება. მე მოვუსმინე მექსიკელ ქალებს და ისინი ძალიან დიდ ბრძოლაში არიან დღესაც თავისი უფლებებისთვის და რა თქმა უნდა, საინტერესოა მათი გამოცდილება. მათ აქვთ პრობლემები განათლების სფეროში. კერძოდ, განათლების მქონე ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება განათლებული მამაკაცების რიცხვს და ეს სერიოზული გამოწვევა მათთვის, მაშინ როცა ჩვენთან, დაახლობით 20 ფაკულტეტზე მეტი დაფინანსებულია მთლიანად ბიუჯეტიდან და ქალებსაც და კაცებსაც თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ოთხი წელია უკვე მიმდინარეობს უფასო სასკოლო წიგნების პროგრამა, რაც ასევე დიდი შეღავათია როგორც ქალი მშობლებისთვის, ასევე მამაკაცებისთვი. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური სკოლამდელი აღზრდა -განათლების პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და მივიღეთ ახალი, შესაბამისი კანონი ამ სფეროში, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად სახელმწიფოს ხარჯზე აღზრდა-განათლებას სკოლამდელ ასაკში, რაც ასევე ძალიან წინაგადადგმული ნაბიჯია ქალი მშობლის უფრო მეტად რეალიზებისთვის, რათა მან შეძლოს დასაქმება, განათლების მიღება იმ პერიოდში, როდესაც მის ბავშვს შეეძლება იყოს უსაფრთხო გარემოში და მიიღოს განათლება”,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემა აქტუალურია როგორც საქართველოში, ასევე მექსიკაში, თუმცა მასშტაბები სრულიად განსხვავებულია. „საკმაოდ სერიოზულია ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, განსაკუთრებით, ოჯახში ძალადობის. ჩვენთანაც ეს პრობლემაა და ამისთვის გვაქვს სწორედ ის სახელმწიფო სტრატეგია შემუშავებული და სამოქმედო გეგემა, სადაც შესაბამის უწყებებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულებები იმისთვის, რომ დაიძლიოს ეს პრობლემა”,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, პარლამენტებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისთვის „ასეთი ვიზიტები საჭიროა და ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები