ნინო კობახიძემ სტუდენტებს პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო

   პრემიერ-მინისტრის სამეგრელოში ვიზიტის პარალელურად, ზუგდიდში შეხვედრებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე მართავს. ნინო კობახიძე დღეს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ნინო კობახიძემ პრეზენტაციისას ზუგდიდელ სტუდენტებს თითოეული ინიციატივის არსი დეტალურად განუმარტა. პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივებმა, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს, ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია. პრეზენტაციის დასასრულს ნინო კობახიძემ სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა და მათთვის პრობლემატურ საკითხებში დახმარებას დაჰპირდა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტულია და სფეროს განვითარების მიზნით ახალი პროექტების შემუშავებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ არის ჩართული.
სტუდენტებთან შეხვედრამდე სასწავლებლის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს უნივერსიტეტი დაათვალიერებინა და სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რექტორის ინფორმაციით, უნივერსიტეტში 900-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, რომელთა შორის აფხაზი ახალგაზრდებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები