კახეთში ღვინის ტური გაიმართა

  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები კახეთში ღვინის ტურში მონაწილეობდნენ. კახეთის ტურის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის მაგისტრებსა და სპეციალისტებს, იმპორტიორებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინის წარმოებას, ღვინის დაყენების ტრადიციულ, ქართულ ტექნოლოგიებს გაცნობოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ღვინის საწარმოები და ღვინის დეგუსტაციებში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის დელეგატები ალავერდის მონასტრის მარანში ქვევრის ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვან ქართულ მეთოდს გაეცნენ, სასტუმრო „შატო მერეში“ კომპანია „ვინივერიას“ ღვინოების დეგუსტაციაში მონაწილეობდნენ, ასევე კომპანია „ქინძმარაულის მარანში“ აბორიგენულის ვაზის ჯიშების კოლექცია-მუზეუმი დაათვალიერეს. სტუმრებმა მოინახულეს კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ კლდის მასივში გამოკვეთილი უნიკალური ღვინის გვირაბი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის იდეალური ბუნებრივი ტემპერატურა – 12-14 გრადუსია. ტურის მონაწილეებისთვის გაიმართა „მეღვინეობა ხარებას“ ღვინოების დეგუსტაცია და სახელობითი ღვინოების გადაცემის ცერემონიალი. ტურის მეორე დღეს სტუმრები „ტყუპების საღვინე სახლს“ ესტუმრნენ, სადაც დეგუსტაცია და ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმის ცერემონიალი გაიმართა. სტუმართა შორის ამერიკელი ღვინის ჟურნალისტები, წიგნის – „Georgia, Sakartvelo – Birthplace of Wine“ ავტორები ტერი და ქეით სალივანებიც იყვნენ, რომლებმაც 2013 წელს ტყუპების მარნში რთველში მონაწილეობა მიიღეს. სალივანებმა საკუთარი ხელით მოკრეფილი ყურძენი მაშინ ერთ-ერთ ქვევრში ჩაწურეს, რომელიც აღნიშნული ტურის ფარგლებში გაიხსნა. საკუთარი პროდუქციის დეგუსტაცია ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „შუხმანის ღვინოები“ გამართა. ტურის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფელ წინანდალში მდებარე ღვინის კომპანიაში „შუმი“, სადაც განთავსებულია საქართველოში პირველი ვაზისა და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი“. მუზეუმში თავმოყრილია ღვინის უძველესი სასმისები, საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და 500-ზე მეტი უძველესი ქართული ვაზის ჯიში. წინანდალში სტუმრები ჭაჭის გამოხდის პროცესს დაესწრნენ, მონაწილეობა ჩურჩხელების ამოვლებაში, თონეში პურის გამოცხობასა და სხვა აქტივობებში მიიღეს. კახეთში ვიზიტი სიღნაღის დათვალიერებით დასრულდა, სადაც ტურის მონაწილეები ეწვივნენ კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მარანს, გაეცნენ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტექნოლოგიას და დააგემოვნეს ქართული ღვინო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები