“პროკურატურას მოვუწოდებ, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებით დაინტერესდეს“

   “უფლებადამცველთა გაერთიანება” პროკურატურას თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ტენდრებისა და ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების შესწავლას სთხოვს. „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს იმ ტენდერების საკითხი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

“როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით იკვეთება, კერძოდ კი გაზეთ ,,პრაიმტაიმში’’ გავრცელებული მასალით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსებზე რეკონსტრუქციების ჩატარების, კაპიტალური გარემონტების და თავდაცვის სამინისტროსათვის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლება მოიპოვა შპს „აქიტექტურულმა ბიურომ“, რომლის დამფუძნებელი ხელმძღვანელი გახლავთ თამარ ვალიშვილი. როგორც ირკვევა, ამ კომპანიისთვის პრიორიტეტის მინიჭება ირაკლი ალასანიასა და თამარ ვალიშვილის ახლო ურთიერთობებმა განაპირობეს. მედიაში გავრცელდა პარიზში თამარ ვალიშვილისა და ირაკლი ალასანიას ერთობლივი ვოიაჟის ფოტო და ვიდეომასალა, რაც ბადებს ეჭვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერებში უპირატესობის მინიჭება ალასანიას პირადი სიმპათიებითა და გაუმჭვირვალედ ხდება. კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები. კერძოდ, 24 მარტს უფლისციხეში, ლოჯისტიკის სამხედრო ნაწილში 20 პირი მოიწამლა, ხოლო მანამდე მეოთხე ბრიგადაში – 150 სამხედრო. მსგავსი ფაქტები ადრეც მოხდა თავდაცვის უწყებაში, თუმცაღა პროკურატურას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. „უფლებადამცველთა გაერთიანება“ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, სათანადოდ იქნას გამოძიებული ჯარისკაცების მოწამვლის და ტენდერების საკითხი“,-აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები