სარწყავი არხების აღდგენა-რეაბილიტაცია გრძელდება

    სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაც. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 25 – 30 წელია არ ჩატარებულა. საერთო ჯამში, 2014 წელს წინა წლებთან შედარებით სამჯერ მეტი ფართობი – სულ 88 ათასი ჰა გასარწყავდება. ზემო სამგორის ზემო მაგისტრალურ არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა ადგილზე გაეცნენ.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგება ზემო სამგორის სარწყავი სისტემის წყლის გამტარუნარიანობა. სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება 4500 ჰა ფართობზე, ხოლო დამატებით წყალუზრუნველყოფილი გახდება 2000 ჰა ფართობი. ზემო სარწყავი არხით გარდაბნის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი ისარგებლებს”, – განაცხადა დავით გალეგაშვილმა.
არხის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 6 857 000 ლარია. სამუშაოებს, რომელიც 2013 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „სთს“ აწარმოებს.
როგორც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ აღნიშნა, ზემო სამგორის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ პალდოში იღებს მდ. იორზე არსებული სათავე ნაგებობით და თბილისის წყალსაცავში (თბილისის ზღვაში) ჩაედინება. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპი მოიცავს პალდოს სათავე ნაგებობის (მდ.იორზე), ზემო მაგისტრალური არხისა და გამანაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ზემო სამგორის ზემო მაგისტრალური არხი მრავალფუნქციურია. იგი ავსებს თბილისის ზღვას, აქვს ირიგაციულ და ენერგეტიკული (ჰიდროელექტრო სადგურები) დანიშნულება, თბილისის ზღვის წყალი გამოიყენება ქალაქის წყალმომარაგებისათვის. მაგისტრალურ არხზე მდებარეობს 9 გვირაბი (ჯამში 6 კმ). მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ზემო მაგისტრალური არხის (40 კმ-ის, მასზე მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობების პალდოს სათავე-ნაგებობების და გამანაწილებელი ქსელის 58 კმ-ის) რეაბილიტაციას, რაც მოიცავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6370 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები