„რუსთავი 2“-ისთვის კვლევა ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანიამ ჩაატარა

კვლევით-საკონსულტაციო კომპანია GFK-მ, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კვლევები ჩაატარა, სოციოლოგიური გამოკითხვისას საქართველოში საველე სამუშაოები ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრმა BCG-მ ჩაატარა.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, კომპანია BCG „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლის კუთვნილი კომპანიაა. სწორედ აღნიშნული საკითხი გახდა პოლიტიკურ წრეებში ეჭვის გამყარების საფუძველი, რომ კომპანია „GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ასახავს. თავის დროზე კვლევების შედეგებისადმი ეჭვი გამოთქვა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და ლევან თარხნიშვილი მოსახლეობის ხმების მოპარვაში დაადანაშაულა.
„ლევან თარხნიშვილი წლების მანძილზე ასოცირდებოდა მოსახლეობის ხმების მოპარვასთან“,- განაცხადა კალაძემ.
GFK-ს კვლევის შედეგები მიუღებელი აღმოჩნდა რამდენიმე ოპოზიციური ძალისთვისაც. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ამ კვლევას სრულ ნდობას უცხადებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, GFK-ს უკრაინულმა წარმომადგენლობამ 2015 წლის იანვარში ჩაატარა კვლევა ყირიმის ნახევარკუნძულზე და განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობის 93 პროცენტი მხარს უჭერდა რუსეთთან მიერთებას, მაშინ, როდესაც ყირიმის მოსახლეობის 12 პროცენტს შეადგენენ თათრები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ ასეთი მიერთების. იგივე GFK-ს 2014 წელს უკრაინაში ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება მოსყიდული პანელისტებით რეიტინგების გაყალბების გამო, რაც თავად GFK-მაც აღიარა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კომპანია GFK თურქეთში გადასახადების დამალვასა და ფინანსურ მაქინაციებში ამხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები