“პროკურატურა თავად არის დაინტერესებული, გამოიძიოს თათუხაშვილის საქმე“
საქართველოს პარლამენტის ვიცე – სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პროკურატურა თავად არის დაინტერესებული შალვა თათუხაშვილის საქმის გამოძიებით. მისი თქმით, პარლამენტი თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დღეს იმსჯელებს. “რეგლამენტის თანახმად, ჩვენ ვალდებული ვართ ეს საკითხი დღის წესრიგში შევიტანოთ. პარლამენტი იმსჯელებს ამაზე და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენად მიზანშეწონილია საგამოძიებო კომისიის შექმნა. თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაც დაწყებულია. მთავარი პროკურორი ამ საქმეზე ინტენსიურად მუშაობს და ექსპერტიზაც დანიშნულია. ვფიქრობ, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვის შეტანა სწორი არ არის, ვინაიდან ადამიანი, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე იყო პროკურატურის მოწმე. პროკურატურა თავად არის ამ საქმის გამოძიებით დაინტერესებული, რადგან მნიშვნელოვანი მოწმის გარდაცვალების ფაქტი, პირველ რიგში, პროკურატურას უნდა აწუხებდეს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.