ქართველი სამართალდამცველები აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს შტაბ-ბინას ეწვივნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ და საქართველოს შსს-ს დელეგაციის წევრებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს და სხვა პოლიციური სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. შს მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობდნენ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები და შსს-ს აკადემიის რექტორი. ქართველი სამართალდამცველების ვიზიტი აშშ-ის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილესთან კევინ პერკინსთან გაიმართა, რომელთანაც არსებული თანამშრომლობის შედეგები შეფასდა და სამომავლო პრიორიტეტები დაისა. მან ქართველ კოლეგებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ქართველმა სამართალდამცველებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს შტაბ-ბინა და გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემია მოინახულეს. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის აკადემიასა და სხვადასხვა პოლიციურ დანაყოფში პრეზენტაციები და საჩვენებელი ღონისძიებები გაიმართა. ასევე შედგა შეხვედრა გამნაღმველთა და ცეცხლსასროლი იარაღების სპეციალისტთა ჯგუფთან.

ქართული დელეგაციის წევრები მძევლების გათავისუფლების ჯგუფის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი ოპერატიული დანაყოფის და ტაქტიკური ჯგუფის წევრებსაც შეხვდნენ. შს მინისტრის მოადგილემ და დელეგაციის წევრებმა ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტრენინგ-ცენტრის დირექტორ ტიმ ბერდონთანაც. საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ტრენინგ-ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკავშირებთ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტრენინგ-ცენტრში შსს-ს აკადემიის პატივსაცემად სპეციალური სტენდიც გაიხსნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებასთან დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობს. აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლობა, ძირითადად, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის და სამინისტროსთვის ექსპერტული დახმარების აღმოჩენის მიმართულებებს მოიცავს. შს სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობას ტრეფიკინგთან, საერთაშორისო ტერორიზმთან, ნარკოტრეფიკთან, კიბერდანაშაულთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით. მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია აშშ-ს სამართალდამცველთა გამოცდილების გაცნობისა და ქართულ პოლიციაში შესაბამისი ცვლილებების დანერგვისთვის. აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დადებული შეთანხმების თანახმად, 2014 წელს ქართველი სამართალდამცველები ტრენინგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები