პუტინი და ერდოღანი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას გეგმავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
ერდოღანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხებს პრეზიდენტები შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება.
შეხვედრის დროს და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, რუსეთი ტურისტებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებასაც გეგმავს.
კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რუსული მხარე იმედოვნებს, რომ თურქეთი რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებს მიიღებს.
სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში 28 ივნისს მომხდარი ტერაქტი დაგმო. ორივე პრეზიდენტმა ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ეს პუტინსა და ერდოღანს შორის პირველი სატელეფონო საუბარია გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც თურქულმა ავიაგამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი გაანადგურა. ამის შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინაააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღო და თურქეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები