თინა ხიდაშელი – აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკიდან ჯგუფის წევრები დამაიმედებელი ინფორმაციით დაბრუნდნენ (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებული საგამოძიებო ჯგუფისგან ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ანგარიში მოისმინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფის წევრებს თინათინ ხიდაშელმა ბანგიში ჩატარებული გამოძიებისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯგუფის წვერების თქმით, სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა, ფოტოსურათებით ამოცნობა და ჩვენების ადგილზე შემოწმება – საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პროკურატურის გამომძიებლების თანდასწრებით განხორციელდა.
თინათინ ხიდაშელმა გამომძიებლისგან გამოძიების პროცესში დაგეგმილი შემდეგი ნაბიჯებიც მოისმინა და აღნიშნა, რომ ბანგიში მოპოვებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად უახლოეს მომავალში მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
„ჯგუფის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან წარმატებული იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩაეტარებინათ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ძალიან სასიამოვნო, იმედისმომცემი ინფორმაციებით დაბრუნდნენ. ჩვენ წინასწარი მდგომარეობით, წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე, ნამდვილად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პასუხი და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს პასუხი ამ ბრალდებებზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია – ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და უკვე გაეროსგან დაველოდებით შესაბამის ადეკვატურ განცხადებებს და პასუხებს,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირაში თავდაცვის უწყების თანამშრომლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გამოცდილებას ევროკავშირის წარმომადგენლებს გაუზიარებენ. ასევე დაიგეგმა 6-თვიანი ანგარიშის მომზადება – უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გაკეთებული განცხადებიდან დღემდე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები