თამარ კორძაია ზაფხულში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას გამორიცხავს

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ზაფხულში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას გამორიცხავს.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ საშემოდგომო სესია პარლამენტში სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი.
„პარლამენტი ვერასდროს ამოწურავს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის აუცილებლობას, თუმცა დღევანდელი რეალობა იმის მანიშნებელია, რომ ზაფხულში სხდომა ვერ ჩატარდება. სექტემბრის პირველ სამშაბათს დაგეგმილია საშემოდგომო სესიის გახსნა და რამდენიმე სხდომის ჩატარება, რადგან კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ე.წ. მესამე ტალღის მიღება და ძალაში შესვლა. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას სექტემბერში განახორციელებს“,-განაცხადა კორძაიამ.
პრესკონფერენციაზე კორძაია პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ხელმეორედ წარდგენის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, უმრავლესობა პოზიციას არ შეიცვლის.
„კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთი და იგივე კანდიდატი მხოლოდ ორჯერ წარადგინო. ეს იმას გულისხმობს, რომ ერთხელ დაწუნებული კანდიდატი შესაძლოა, მეორედ იქნას მოწონებული. ეს დამოკიდებულია კანდიდატების მხრიდან არგუმენტაციის წარდგენაზე და პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რადგანაც, როგორც ვიცით, ამას 76 ხმა ესაჭიროება. ვფიქრობ, ზაფხულში შესაძლებელი იქნება საკომიტეტო მოსმენის განხორციელება, მოხერხდება თუ არა სექტემბერში, ვნახოთ. ახლა სხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ უმრავლესობის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, ისინი პოზიციებს არ შეიცვლიან. ეს არის შეფასება, თუმცა, რა თქმა უნდა, მივყვეთ პროცედურებს“, – განაცხადა კორძაიამ.
საერთო სასამართლოების კანონთან დაკავშირებით კორძაიამ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა პარლამენტში სექტემბერში გაიმართება, რის შემდეგაც მას, სავარაუდოდ, მესამე მოსმენით მიიღებენ.
„ამ კანონის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. პარლამენტი უძლურია, თუ მთავრობა იტყვის, რომ არ ამ საკითხს ახლა იხილავს. ჩვენ საკუთარი ინიციატივით ამ სკაითხს ვერ წამოვწევთ, რადგანაც ინიციატორზე ვართ დამოკიდებული. იმედი გვაქვს, რომ ინიციატორი გამოიჩენს თანამიმდევრულ დამოკიდებულებას, სექტემბერში ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება და მესამე მოსმენით მივიღებთ. ამ შემთხვევაში მე ვიზიარებ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას, რადგან მთავრობამ თვითონ უნდა დააყენოს საკითხი, მთავრობა „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებს და, ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ხელმეორედ დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ, პარლამენტის წევრები, უძლურები ვართ“,-განაცხადა კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები