თეთრი სახლი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთს
თეთრმა სახლმა ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საზარელ ტერორისტულ თავდასხმას თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში. ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლაში, ჩვენს ყველა მეგობართან და მოკავშირესთან ერთად, მტკიცედ ვუჭერთ მხარს თურქეთს, ნატოს მოკავშირესა და პარტნიორს”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
“ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი ისევე, როგორც ბრიუსელის აეროპორტი, რომელზეც თავდასხმა მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელდა, არის საერთაშორისო კავშირების სიმბოლო”, – აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გვიან ღამით, ნატოს წევრი სახელმწიფოს – თურქეთის უმსხვილეს აეროპორტზე სამი თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა. მთლიანობაში დაშავებულია 147 ადამიანი.