საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა LIBE-ში 4 ივლისს გაიმართება
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა 4 ივლისს გაიმართება.
LIBE -ის სხდომის დღის წერიგი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის სხდომა 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „ბრექსითის“ შედეგების განხილვის მიზნით დანიშნული საგანგებო შეხვედრის გამო გადაიდო.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი აცხადებს, რომ ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, შესაბამისად, ის რეკომენდაციას აძლევს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტს.