სტამბოლი-თბილისის თვითმფრინავის რეისზე 126 მგზავრმა რეგისტრაცია ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიარა
სტამბოლი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ თვითმფრინავის რეისზე 126-მა მგზავრმა რეგისტრაცია ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიარა – ამის შესახებ „კვირას“ ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ წარმომადგენელმა თამარ თანდაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მგზავრებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ათათურქის“ აეროპორტიდან სტამბოლი-თბილისის მიმართულებით თვიმფრინავის რეისზე რეგისტრაცია 126-მა მგზავრმა სრულად გაიარა. ისინი ავტობუსებით მიემართებოდნენ თვითმფრინავისკენ. სტამბოლის აეროპორტიდან თვითმფრინავი თურქეთის დროით 23:05 წუთზე უნდა გამოფრენილიყო. თუმცა, მომხდარი ტერაქტის გამო რეისი გაუქმებულია. მგზავრებს შორის უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. არიან თუ არა დაშავებულები, ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ვფლობთ“, – აღნიშნა თამარ თანდაშვილმა.
კომპანიაში არ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფება ამ დროისათვის „ატლასგლობალის“ 126 მგზავრი, რომელიც სტამბოლიდან თბილისში მოფრინავდა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. დაჭრილები საავადმყოფოებში მოათავსეს. მედიის ცნობით, აეროპორტში მინიმუმ ორი აფეთქება მოხდა, ისმოდა სროლის ხმაც. ათათურქის აეროპორტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ადგილზე მუშაობს პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.