“საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2016 წლიდან შეძლებენ“

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისიდან შეძლებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება საქართველოს პასპორტი, მათ შორის აფხაზ და ოს მოქალაქეებსაც. იგი იმედოვნებს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პირველი ფაზა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება, ხოლო მეორე – 2015 წლის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტამდე, რომელიც რიგაში ჩატარდება. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდება და არა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიაზე.

“ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება საქართველოს პასპორტი, მათ შორის აფხაზ და ოს მოქალაქეებსაც, როდესაც სამოქმედო გეგმის შესრულების ფაზები დასრულდება და ევროკავშირი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თუკი შევძელით და ეს მოხდა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რამდენიმე თვეში, 2015 წლის ბოლოსთვის რეალურად შესაძლებელი იქნება, რომ პრაქტიკულად მიღებულ იქნას გადაწყვეტილება და ყველაზე გვიან 2016 წლის დასაწყისიდან საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ შეძლოს, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაუროს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვალში გადმოეცა. საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება შემოღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები