ბავშვთა ახალი კლინიკა სკანდალში ეხვევა – რა ფაქტებს ასაჯაროვებს პაციენტის მშობელი

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა სკანდალში ეხვევა. პაციენტის მშობლები კლინიკის ექიმებსა და მედპერსონალს არაპროფესიონალიზმსა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
ერთ-ერთი პაციენტის მშობელი მაგდა კალანდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ექთანმა პატარა პაციენტს წვეთოვანის გადასხმის დროს სითხის ნაცვლად „ჰუმანა“ გადაუსხა, რის გამოც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა, ხოლო ექთანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, მაგდა კალანდაძე, რომლის შვილიც ამ კლინიკაში მკურნალობდა, რამდენიმე საინტერესო ფაქტს „ახმაურებს“.
„ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ რასაც ახლა აქ ვწერ, აქამდე ვერ დავწერე – მეგობრებს ვუყვებოდი პერიოდულად, ვპირდებოდი, რომ საჯაროდ დავწერდი და ვერ ვქენი.
ბოდიში.13439221_1168579743164517_4111446241373211207_n
მეგონა, მეტსაც შევძლებდი, ვიდრე ფეისბუქის სტატუსია, მაგრამ რახან ჩემი ლიზა ცოცხალი დავიბრუნე სახლში (და არა ჯანმრთელი), სხვა ვეღარაფერზე ფიქრი ვერ შევძელი.
ჰო, ლიზას საავადმყოფოში ყოფნის ამბავზეა ეს პოსტი.
ბავშვთა ახალ კლინიკაში იწვა ლიზა, ფილტვების ანთებით, პლევრიტით და სითხით ფილტვში. დრენირება არ დასჭირდა, დაემორჩილა ანტიბიოტიკს.
ახლა დანარჩენი.
1) პირველივე დღეს ექთნები ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში – ვიღაც ექთნის ამბავს ყვებოდნენ, გუშინ რომ გაუშვეს სამსახურიდან და ეს როგორ დაემართა. მერე ამბობდნენ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ზოგი ამბობდა, რომ ეგრეც არ არის. ეს ვერ დაგემართება. მეორე დღეს სხვა მორიგე ექთნებმა რომ გააგრძელეს იგივე საუბარი, ვკითხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის ყველაფერი, და უნდა ვიცოდე, რა შეეშალა ასეთი ექთანს-მეთქი. უი, მოგვკლავს ექიმი, რომ გაიგოს, გითხარით-მეთქი, დამშვიდდი. თქვი.
… თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია (კვება, ანუ, მაგ. “ჰუმანა”).
ბავშვს რა მოუვიდა-მეთქი.
არ მომკვდარა, მძიმედააო.
მშობლებმა ცოცხალი რატომ დატოვეს, ან ექთანი, ან ვინმე ამ გადახურულში-მეთქი.
მშობლებს არ გაუგიათ ეს ამბავი, ექთანი სამსახურიდან გაუშვეს და ბავშვის მდგომარეობა ისეც მძიმე იყო, უთხრეს, რომ დამძიმდაო.
…მეორე დღეს სხვა ცვლას ვკითხე, ის ბავშვი როგორაა-მეთქი.
შეცბნენ.
უი, იმ ბავშვს სამბალიანი კომა ჰქონდა ისედაც, იმის გაღვიძებას არც არავინ ელოდებაო, მშობლები წელიწადში ერთხელ აკითხავენო.
მეთქი, რამდენი წლისაა (უკვე აღარ მჯერა).
პატარაა ძალიან, თვეებისო.
მოვკეტე.
დამთავრდა ეს ამბავი. არავინ იცის, ის ბავშვი ცოცხალია თუ არა.
2) მოსაწევად ჩავედი. ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იყო აყუდებულლი კედელს, გარშემო ჩემნაირი, ჩვენნაირი მეგობრები, ტატუებიანი, პირსინგებიანი ტიპები ეხვივნენ, ახალგაზრდა გოგოები, ტიროდა ეს ბიჭი, ჩუმად, ტიროდა ყველა, ჩუმად.
ტელეფონმა დაურეკა.
შვილი მომიკვდაო.
გამახსენდა – დილით, დათო რომ შევცვალე, დათომ მითხრა, ამ დილას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 2 თვის ბავშვი, პალატიდან უცებ გადაიყვანეს რეანიმაციაში და არავინ ვიცით, რა მოხდაო.
მეთქი, ესაა.
ავედი ზემოთ.13494751_1168579789831179_7177634125313531057_n
ავედი და ნახევარ საათში დედის კივილი გაისმა (ლიზამ ამ დროს გაიგო, რომ თურმე ბავშვებიც იღუპებიან – რა მეთქვა. შეშინებული იყო მერე, არ ეგონა, რომ ავადმყოფობამ ბავშვი შეიძლება, მოკლას).
…დერეფანში გავცვივდით (კივილი არ ჩაცხრა, ერთმანეთს ემატებოდა ხმები, ავდექით და გავცვივდით ყველა, ფანჯარას მივასკდით).
ამბავს მოჰყვნენ: რაღაც ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს… და აღმოჩნდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვეღარაფერი უშველეს.
როგორ ჩაეძინაო – დედაზე ამბობდნენ და ამას მოაყოლეს, ექთნებიც იქვე იყვნენ.
3) გამოწერის დღეს. დათო მიყვება: თითი მოაჭრა ექთანმა თვის ბავშვს. კათეტერს ხსნიდა ხელიდან, მაკრატლით ლეიკოპლასტირს უჭრიდა და თითი მიაყოლა. თითი მიაკერეს, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქირურგიულში, მხოლოდ ფრჩხილი აღარ გაეზრდებაო.
P.S. სხვა უფრო “რბილ” შემთხვევებს აღარ ვყვები.
P.S.S. ლიზა სახლში ენტეროვირუსით წამოვიყვანე, რომელიც მერე ყველას გადაგვედო და 2-3 დღე სათითაოდ ყველამ სიცხეებსა და რწყევაში გავატარეთ“, – წერს პატარა ლიზის დედა მაგდა კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ საავადმყოფოს დაუკავშირდა. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში „კვირას“ კითხვები უპასუხოდ დატოვეს.
ამასთან, კლინიკის პრესსამსახურმა გვირჩია, რომ ადმინისტრაციის სახელით გამოქვეყნებული განცხადებით გვესარგებლა.
პატარა ლიზის დედის, მაგდა კალანდაძის სტატუსს საავადმყოფოს ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა და განცხადება გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო წლებში მომრავლდა ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი საუბარი, ცრუ ბრალდებები, თუ როგორი უცოდინარი და უპასუხისმგებლოები არიან, რაც აზარალებს არა მარტო ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას, არამედ, ზოგადად, საზოგადოებას. მსგავსი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები ლახავს ექიმის რეპუტაციას და თესავს უსაფუძვლო ნიჰილიზმს საზოგადოებაში. დაკარგულია ყოველგვარი ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის, რაც მკურნალობაზეც აისახება. ყურმოკრული, ნაჭორავები და არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული დასკვნები, მოჰყავთ, როგორც უტყუარი ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელი რჩება ყოველი მსგავსი სკანდალი და ცრუ ბრალდება. თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტების გადამოწმება მარტივად შეიძლება მომხდარიყო, ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კონტაქტით, ან ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანით, ან სამართალდამცავ ორგანოებში განცხადებით, თუ მართლა შეგტკივათ გული ჩვენს პაციენტებზე.
თუმცა, უფრო მარტივია, ფეისბუქზე ცრუ ბრალდებები და რაც უფრო მეტად სკანდალურად გამოიყურება პოსტი, მით მეტი ნახვა აქვს ფეისბუქგვერდს. რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ კლინიკაში ბავშვებს კლავდნენ, თითებს აჭრიდნენ, ადაპტირებულ კვებებს ვენაში უსხამდნენ და ამ პაციენტების მშობლები მშვიდად უყურებდნენ ამ ყოველივეს და ასეთი კლინიკა იყოს ყველაზე მოთხოვნადი კლინიკა, ისე, რომ ყოველთვის პაციენტის განთავსებისთვის ადგილების უკმარისობა იყოს? სწორედ ამ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში განკურნეს თქვენი შვილი და ბოლომდე გამოჯანმრთელებული გაწერეს, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა ეს ინფორმაციაც დამახინჯებულად არის საზოგადოებისათვის მიწოდებული.
ჩვენი კლინიკა მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაიცვას თავისი საქმიანი რეპუტაცია და არ დაუშვას უპასუხისმგებლო პირთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით კლინიკისა და მისი სამედიცინო პერსონალისათვის ზიანის მიყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში მაგდა კალანდაძისა და კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლინიკის მედპერსონალის მიმართ სხვა ახალი ბრალდებები გაჩნდა. კერძოდ, ინგა არახამია კლინიკის წინააღმდეგ კონკრეტულ ფაქტს ასაჯაროვებს.
„ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა, გაჩუმდით მაინც! რაკი ვერ ისვენებთ, შეგახსენებთ, როგორ არ უკეთებდით 2015 – ში ახალშობილ ბავშვს (თვენახევრის იყო იმ მომენტისათვის) სასწრაფო ოპერაციას, იმიტომ რომ არ იყო საქართველოს მოქალაქე და არ გააჩნდა საყოველთაო დაზღვევა, იმიტომ რომ მარტოხელა 18 წლის დედას ფული არ ჰქონდა და და უსინდისოდ სთხოვდით ფულს, ისე ოპერაციას ვერ გავაკეთებთ და შვილი მოგიკვდებაო, ეუბნებოდით. მერე მოგვმართა ჩვენ და ვიშოვეთ სპონსორი! ცინცაძის ფონდმა გადაიხადა ოპერაციის ფული, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ იყო საქართველოს მოქალაქე. ბავშვს სიმსივნე ჰქონდა, თუმცა გადარჩენის შანსი იყო, კიდევ მადლობა ცინცაძის ფონდს, დღეს ეს პაწუკა ცოცხალია და ეს მათი დამსახურებააა… 13528715_1168579829831175_2040715334087463163_n
თქვენ, არიქა, სპონსორი გამოუჩნდაო და დაიწყეთ მოგონება რაღაც კიდევ დამატებითი საჭიროებების და რადგან მე პირადად ვაკონტროლებდი ბავშვის მკურნალობის პროცესს, ექიმებთან მე დავდიოდი და მე მქონდა ურთიერთობა, პირველი ოპერაციის შემდეგ, 2 დღეში აფერისტი ექიმი მირეკავს და, გუშინ დამძიმდა ბავშვიო. პირველი ოპერაცია მოწვეულმა ონკოლოგმა გაუკეთა და მართლა დიდი მადლობა მას!
აი, თქვენი კლინიკის ექიმმა კი… მირეკავს და ბავშვი ღამე დამძიმდაო და სასწრაფოდ გავუკეთეთ ოპერაცია ღამეო, ვინ გაუკეთა-მეთქი, რომ ვკითხე, მე გავუკეთეო და, აი, იქ რომ გადავირიე, ახლავე მოვდივარ და მე ამას გავარკვევ-მეთქი, რადგან არ გენდობი-მეთქი, ატყდა ერთი წიოკი. მოკლედ, ეს ექიმი არის აფერისტი, თან ხელმძღვანელი პოზიცია უჭირავს. ბევრი რომ არ მოვყვე, არაფერი ოპერაცია არ გაუკეთებია (მადლობა, რომ ბავშვი არ მოკალით და ტყუილად არ გაფატრეთ, ფულის გამო!).
იმ ვითომ მეორე ოპერაციის ფული არ მოითხოვეს, რა თქმა უნდა! რა უნდა მოეთხოვათ, რაც არ გაუკეთებიათ, და ეს ბავშვი რომ გამოეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხარჯი გადახდილი იყო, რადგან ჯანდაცვასაც, როგორც იქნა, ჩავარიცხინეთ 7 000 ლარი, ცინცაძის ფონდის მიერ ჩარიცხული თანხების გარდა, დედას კიდევ ფულს სთხოვდით! და ბავშვს, ანუ ოპერაციის შემდგომ ანალიზის პასუხი არ მიეცით (მოკლედ, მედიცინის მუშაკი არ ვარ და ჩემებურად ავხსნი, დათესეს თუ რაღაც… და უნდა გაგვეგო, რა სახის სიმსივნე იყო. კიდევ ფულია გადასხდელიო. თქვენ, საერთოდ, როგორ იღებთ ხმას!
არავინ ამბობს, რომ ამ კლინიკაში ყველა არაპროფესიონალი ექიმია, მაგრამ თუნდაც ერთი შეცდომა, ან არაპროფესიონალი მუშაკი არის ძალიან დიდი პრობლემა, რის გამოც ბავშვებს საფრთხე ექმნებათ, ასევე კლინიკაში მომუშავე კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კადრებსაც უფუჭდებათ რეპუტაცია, ამიტომაც კლინიკის ადმინისტრაცია ამ სამარცხვინო სტატუსის მაგივრად, ხარვეზის აღმოფხვრაზე რომ ზრუნავდეს, ალბათ, უფრო სწორი იქნება, სამედიცინო დაწესებულებებში შეცდომების რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს მინიმალიზებული მაინც და არაპროფესიონალ მედიკთა საქმიანობა აღკვეთილი…“ – წერს ინგა არახამია.
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში 20356 პაციენტს ვუმკურნალეთ. გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკაა 0,25%.
ყველა გარდაცვალების ისტორიის გავლა ხდება ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ, მერე აბსოლუტურად ყველა ისტორიის შესწავლა ხდება სამინისტროს მიერ. არანაირი სირაქლემის პოზიცია, პირიქით, კონკრეტულ ფაქტებს მივესალმებით, რომ გვეუბნებიან. ყველა პრეტენზიას პირადად და მთავარი ექიმი ხვდება და გავდივართ დეტალურად. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, გამოვასწოროთ. მაგრამ ეს, ზოგადად, ყველას მკვლელად გამოყვანა მართლა ამაზრზენია “, – აცხადებს დავით რეხვიაშვილი.
„კვირა“ დაინტერესდა, თუ რამდენი საჩივრის განცხადება არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის მედპერსონალის მიმართ. აღნიშნულ ინფორმაციას „კვირა“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები