გულიკო ზუმბაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემასთან დაკავშირებით საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ 2000 კვმ. მიწის ნაკვეთზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა 1996 წლიდან მიმდინარეობს.
2015 წლის 23 ნოემბერს ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძარი ეკურთხა, მაგრამ ვინაიდან მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს საკუთრებაში არ ირიცხება, ეკლესიის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის შეყვანა ვერ ხორციელდება.
როგორც დეპუტატმა ბრიფინგზე განაცხადა, ეკლესია ასევე ვერ სარგებლობს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამებით.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა, პრობლემა ამ დრომდე არ არის მოგვარებული.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ანალოგიური სახის პრობლემების წინაშე თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი, დაახლოებით, 25 ეკლესია დგას’’, -განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით 28 ივნისს 11 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარე ასევე მიიჩნევს, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომპეტენტურმა უწყებებმა გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში უნდა მიიღონ, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემა ამ ნაკვეთებზე მდებარე ტაძრების სრულფასოვნად ფუნქციონირების მიზნით უზრუნველყონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები