მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით 15 წლის გოგონა გადაარჩინეს (ფოტოკოლაჟი)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები 15 წლის მოზარდს დაეხმარნენ. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ 15 წლის მოზარდს, რომელიც ლომისას სალოცავის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გოგონა უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, კატასტროფის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონა მლეთიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს და სტაციონარში მოათავსეს.