„თბილისი 2016″-ის საორგანიზაციო ჯგუფმა ფოტოხელოვანებთან შეხვედრა გამართა (ფოტო, ვიდეო)
კონკურსი “თბილისი 2016”-ის საორგანიზაციო ჯგუფმა სამუშაო ფორმატში ფოტოხელოვანებთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიების მიზანი ფოტოხელოვანებს შორის კონკურსის პოპულარიზაციაა. კონკურის საორგანიზაციო ჯგუფს და მასში მონაწილე საზოგადოებას უმასპინძლა „წიგნის სახლმა ბახტრიონზე,“ რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი დაესწრო, რომელმაც ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა.
„ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მათი ჩართულობა იყოს, რაც შეიძლება ფართო. ყველამ კარგად იცის, რომ ესთეტიკური გემოვნებით დაჯილდოებული, საკმაოდ ბევრი და ნიჭიერი ფოტოგრაფი გვყავს. გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, რომელიც „თბილისობის“ დღეს გამოვლინდება, მათ მიიღონ მონაწილეობა. ასევე, დიდი მადლიერება და კმაყოფილება მინდა გამოვთქვა, მათი გამოხმაურების, ინტერესის გამო და ვუსურვო წარმატება. ასევე მინდა დავპირდე, რომ ჩვენი კონკურსი, ამ კონკურსის დასრულებით არ დამთავრდება, მას გაგრძელება ექნება გამოფენების სახით, სხვადასხვა ხასიათის ალბომების გამოშვებით და ურთიერთთანამშრომლობით“, – განაცხადა გია ალიბეგაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილის თქმით, კონკურსით დიდი დაინტერესება არსებობს, რომელიც 30 ივნისს ასრულებს მასალების მიღებას, თუმცა დაჯილდოების ცერემონია „თბილისობა-2016“-ის ფარგლებში განხორციელდება.
„შეხვედრები გვაძლევს იმედს, რომ იქნება დიდი აქტივობა და კონკურსის ფარგლებში, ყველა ნომინაციაში ბევრი საინტერესო ნაწარმოები იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
კონკურსში მონაწილე ფოტოხელოვანების შეფასებით, მსგავსი ფორმატის კონკურსი დიდად წამახალისებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისა და დამწყები ფოტოხელოვანებისთვის.
ისინი მიიჩნევენ, რომ არის შესაძლებლობა, კონკურსის ფარგლებში თავისუფლად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და გამარჯვების შემთხვევაში, ბევრი საინტერესო პრიზი მიიღონ.