გურამ ადამაშვილი: ხელისუფლებას აქვს დიდი შანსი, რომ არსებული მდგომარეობა იმ ფაზაში გადაიყვანოს, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია  

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნები გაცილებით საინტერესო იქნება, ვიდრე 2008 წლისა და 2012 წლის არჩევნები, რადგან, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს გაცილებით თავისუფალია მასმედია, საზოგადოება და ბიზნესი.

როგორც მან „საერთო გაზეთთან“ საუბრისას აღნიშნა, 2008 წელს ერთპიროვნული დამოკიდებულება იყო არჩევნების მიმართ, 2012 წელმა კი ცალსახად აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლების შეცვლა.

„მაშინდელი პოზიცია და ოპოზიცია კულისებში ერთნი იყვნენ, უბრალოდ საზოგადოებისთვის ხდებოდა იმის აფიშირება, რომ საქართველოში ოპოზიცია არსებობდა, რასაც მაშინდელი პარტიული დაფინანსებების და ოპოზიციური ძალების პოლიტიკურად დაკმაყოფილების მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციები მიანიშნებს. ამ შემთხვევაში მთლიან ოპოზიციურ სპექტრს ვგულისხმობ. თუ მაშინდელ ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობაში არ იყავი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი.

2012 წელმა ცალსახად აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლების შეცვლა. წინა ხელისუფლებას უამრავი მინუსი ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით უარყოფითი იყო „ნაცხელისუფლების“ საზოგადოებისადმი დამოკიდებულება, ჩემთვის ახლად დაგებული გზა და ლამაზი შენობა არაფერს ნიშნავს, თუ ციხეში ნაწამები ხალხი ზის, ან ვინმეს უსამართლოდ სჯიან. ჯერ მოსახლეობა უნდა იყოს თავისუფალი, ბედნიერი და ეკონომიურად წელგამართული, ამის შემდეგ აქვს ყველაფერს ფასი.

2012 წელსაც თითქმის ერთპიროვნული დამოკიდებულება იყო, ერთ ძალას მეორე ცვლიდა, უბრალოდ ამ უკანასკნელში რამდენიმე პოლიტიკური პარტია იყო გაერთიანებული. ამ ერთიანობამ შეცვალა მანამდე არსებული ვითარება. შემდეგ იყო პრეზიდენტის და თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც საპარლამენტო არჩევნები მიმაჩნია, რადგან ის არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის“,-განაცხადა გურამ ადამაშვილმა და დასძინა, რომ 2016 წელს მრავალპარტიული, თანაბარ პირობებში არჩევნების ჩატარების ვითარება იქნება.

„მრავალპარტიული არჩევნები იმითაა კარგი, რომ საზოგადოებას მეტი არჩევანის საშუალება აქვს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 2016 წლის არჩევნები, დარწმუნებული ვარ, ვიღაც მაინც დარჩება უკმაყოფილო, ამიტომაც კარგი იქნება სადამკვირვებლო მისია გაძლიერდეს, რომ შემდგომში პოლიტიკურ ძალებს არ გაუჩნდეთ პრეტენზია, რომ არჩევნები გაყალბდა, ან არასწორად იქნა ჩატარებული და ა.შ.“-განაცხადა „პოზიციის“ ხელმძღვანელმა.

გურამ ადამაშვილმა გამოცემასთან არჩევნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, საზოგადოება დაიღალა იმით, რომ ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნების მოახლოების პარალელურად აქტიურდება.

„მას ისეთი აქტიურობა სჭირდება, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას გააუმჯობესებს. ამიტომაც აღარ მიდის არჩევნებზე და ეს არასტაბილური მდგომარეობა თვითონ უნდა შევცვალოთ. საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს იმის განცდა, რომ ხელისუფლება ზრუნავს მის მომავალზე. მესმის, რომ საზოგადოება დაიღალა მუდმივად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ცხოვრებით და მატერიალური შეჭირვებით, მაგრამ არის რაღაც გარდამავალი ეტაპი, როცა უფრო მეტი თმენის ვალდებულებაა საჭირო, რომ უფრო უკეთესი შედეგი დადგეს, ერთმა არასწორმა ქმედებაც კი შეიძლება უკან დაატრიალოს ყველაფერი. ამიტომ საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ თუნდაც ამ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და მიიღოს გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საარჩევნო ხმები ისეთ ნეგატიურ ჭრილში გადავიდეს, რომ იმაზე უარესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე ამ ოთხი წლის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობდით.

28 ივნისს ვგეგმავთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებას, ახლა დათვლის პროცესში ვართ და 28 ივნისისთვის გვექნება უფრო დაზუსტებული პასუხი, რამდენი ადამიანი აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“,-განაცხადა  „პოზიციის“ ხელმძღვანელმა.

კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია მიაჩნია იმ ძალად, რომელსაც უკეთ ესმის საზოგადოებას რა სჭირდება და  ვის ექნება ამ საზოგადოებისგან ყველაზე მეტი ნდობა, გურამ ადამაშვილი განმარტავს, რომ მოქმედ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ არსებული მდგომარეობა იმ ფაზაში გადაიყვანოს, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია, რადგან ამ ოთხი წლის განმავლობაში კარგი გამოცდილება დაუგროვდათ.

„მმართველ ძალას ჰქონდა ურთულესი პერიოდი, რადგან ქვეყნის განვითარების, ვითარების შეცვლის პარალელურად, ნაცმოძრაობის პროვოკაციების მოგერიება უწევდა და უწევს, რაც არ არის მარტივი საქმე და ეს მინდა საზოგადოებამ კარგად გაითავისოს. მიუხედავად ამისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ არ გასცენ ისეთი დაპირებები, რაც ვერ შესრულდება, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აზროვნების, ფსიქიკისა და ცნობიერებისთვის, რაღაცას რომ მპირდები, შენი იმედი მაქვს, ამ იმედს თუ მომიკლავ, მეორედ ხმას აღარ მოგცემ. ეს ბუნებრივი პროცესია. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი სახელისუფლო პარტიას აქვს, ვგულისხმობ, უშუალოდ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ თუ მან სწორი სვლები არ გააკეთა, ქვეყანა ისევ ჩიხში შევა. საზოგადოებას გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია, თუნდაც ამ შიდა მრავალპარტიულობიდან გამომდინარე, რასაც გარე პოლიტიკური მდგომარეობაც ემატება. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტი შანსი მაინც „ქართულ ოცნებას“ აქვს, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და პარტიულ სიას სათანადო პერსონებით დააკომპლექტებს“,- განაცხადა ადამაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკა ისეთი ადამიანებისგან უნდა გაიწმინდოს, რომლებიც დაინიშნებიან თუ არა გარკვეულ თანამდებობებზე, ამომრჩეველი მაშინვე ავიწყდებათ.

„ჩემთვის მიუღებელია ის პარტია, რომელიც არაკანონიერი გზებით, საზოგადოების მოტყუებით ცდილობს წარმატების მიღწევას. მე ვიცი ადამიანები, ოღონდ მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, რომლებიც არჩევნების დროს ტყავიდან ძვრებოდნენ, მერე თავისი რომ გაინაღდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაინიშნენ გარკვეულ პოლიტიკურ თანამდებობებზე, ამომრჩეველი საერთოდ დაავიწყდათ. ასეთი ადამიანებისგან უნდა გაიწმინდოს ქართული პოლიტიკა, უნდა დამთავრდეს სარჩოს მოპოვების მიზნით პოლიტიკაში და მით უმეტეს ხელისუფლებაში მოსვლა“,-განაცხადა მან.

პოზიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბევრი პოლიტიკური ძალა გარკვეულ ნიღაბს არის ამოფარებული და ეს ნიღაბი ყოფილ მმართველ გუნდს უკავშირდება.

„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები, იმიტომ, რომ ხელისუფლების გემო იციან, თანაც ისეთი ხელისუფლების, რაც ცხრა წლის მანძილზე ვიწვნიეთ“,-განაცხადა გურამ ადამაშვილმა და დასძინა, რომ ეს არის ყველაზე საშიში რაც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები