გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს პაველ სოლოხს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე და ქვეყნის ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელის, პაველ სოლოხის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა ინტენსიურად და ძალიან წარმატებულად ვითარდება და უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა ამის კიდევ ერთი დასტურია.
„ვიზიტი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას უკვე მრავალწლიანი ისტორია აქვს და ერთმანეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას ეფუძნება.
2008 წელს პოლონეთის ხელისუფლების ქმედება ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე. სულ ცოტა ხანში ყველა ამ საკითხზე ვარშავის ნატოს სამიტზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა პაველ სოლოხმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ სწრაფვას.
„ვფიქრობ, ალიანსის ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორიც საქართველოა, იმსახურებს ნატოს წევრობას და უახლოეს სამიტზე ჩვენ ამ თემას კიდევ ერთხელ წამოვწევთ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ ორი მიზნის მიღწევა დადებითად აისახება, როგორც პოლონეთის უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე, მთლიანად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობა, მათ შორის, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო გაღრმავდება”, – აღნიშნა პაველ სოლოხმა.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრამდე პაველ სოლოხი ქართველ კოლეგას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს შეხვდა.
როგორც ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, საქართველოს და პოლონეთის ეროვნული უშიშროების სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
„ორი წელია ჩვენს სტურქტურებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. ეს ძალიან კარგი მესიჯია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის წინ და უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სწორედ პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი და მისი მხარდაჭერა”, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები