მაღაზიის გამყიდველი: მაგდა პაპიძემ ყველაზე დიდი ურო შეარჩია

მაგდა პაპიძემ, რომელსაც მეუღლისა და შვილის მკვლელობა ბრალდება, მკვლელობის იარაღი – ურო, მკვლელობის დღეს, 2015 წლის 19 დეკემბერს შეიძინა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მოწმის დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით იმ მაღაზიის გამყიდველი დაიკითხა, ვისთანაც მაგდა პაპიძემ ურო შეიძინა. როგორც მოწმემ აღნიშნა, მაგდა პაპიძე მის კუთვნილ სამშენებლო მასალების მაღაზიაში, რომელიც დიდუბეში მდებარეობს, დღის პირველ ნახევარში ბავშვთან ერთად მივიდა.
“შემოვიდა ქალბატონი ბავშვთან ერთად და იკითხა ურო. მე დავათვალიერებინე მას რამდენიმე ურო. შეარჩია ყველაზე დიდი, რაც მქონდა მაღაზიაში. გადაიხადა 25 ლარი და წავიდა. სხვა რამ, ან ლურსმნები ან სხვა სამშენებლო მასალები არ უკითხავს და არ შეუძენია”, – განაცხადა მოწმემ.
მაღაზიის მფლობელის ინფორმაციით, 20 დეკემბერს უკვე მასთან მივიდა მამაკაცი, რომელმაც აჩვენა უროს ფოტო და ჰკითხა, მასთან იყო თუ არა შეძენილი აღნიშნული ნივთი, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.
მოწმის თქმით, შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში, შემძენის ამოსაცნობად გადაიყვანეს. მოწმის დაკითხვისას ასევე ნაჩვენები იქნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მიდის მაღაზიაში მაგდა პაპიძე შვილთან ერთად და შემდეგ რამდენიმე წუთში როგორ გამოდის უკან პარკით ხელში.
ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ მეუღლეს თავში ურო ჩაარტყა, შვილი კი გაგუდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები