დავით ბაქრაძე: არსებითმა პაკეტმა უკვე აჩვენა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით
არსებითმა პაკეტმა უკვე აჩვენა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კონფერენციის „ნატოს ვარშავის სამიტი – გამოწვევები და მოლოდინები“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლების 2016 წლის ვარშავის სამიტის დღის წესრიგის შესახებ დისკუსიაში ჩართვას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ალიანსის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გააგრძელოს მზადება წევრობისთვის.
„რაც შეეხება კონკრეტულ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მეტ და უფრო მნიშვნელოვან მხარდაჭერას არსებითი პაკეტის გაძლიერებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და მისი ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. არსებითმა პაკეტმა უკვე აჩვენა ის პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. ამ პროგრესს სჭირდება განმტკიცება პრაქტიკული ხელსაწყოებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.