დავით ზალკალიანი: როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო
როგორც ჩვენი, ისე ამერიკული მხარის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები იყოს სამაგალითო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის კუთხით.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესი. ამერიკელი კოლეგები აღნიშნავენ საქართველოს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მათ ჰქონდათ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რეფორმების შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ვიმუშავებთ მათი იმპლემენტაციის საკითხზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მიზნით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელია.