საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა 27 ივნისისთვის ჩაინიშნა
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა ევროპის პარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) 27 ივნისისთვის ჩაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ევროპარლამენტის ოფიცილურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტიც, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, “ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა მარია გაბრიელმა წარადგინა. მარია გაბრიელი სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტს მიმართავს რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას. დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი პირველივე მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას,ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მომხსენებელი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი.