სოსო ჯაჭვლიანი: ზოგიერთს დედის გინება „იავნანასავით“ ესმის, ზოგიერთისთვის კი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლითაც იგი პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდებს. სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ზოგიერთს დედის გინება „იავნანასავით“ ესმის, ზოგიერთისთვის კი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
პარლამენტარის აზრით, ამის გამო კანონი უნდა გამკაცრდეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანების შეურაცხყოფისგან თავი ყველამ შეიკავოს.
„ჩვენ ადამიანები იმიტომ ვართ, რომ თითოეულ მათგანს აქვს თავისი გრძნობა, თავისი თავმოყვარეობა. ზოგიერთს დედის გინება „იავნანასავით“ ესმის, ზოგიერთისთვის კი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ აქედან უნდა გამოვიდეთ. რა თქმა უნდა, დეპუტატებს აქვთ თმენის ვალდებულება, მაგრამ დეპუტატიც არის ადამიანი. არსებობს ქვეყნები, სადაც დედის გინება „იავნანაა“ და ეს საქართველოა. ამიტომ კანონი უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ თითოეულმა ადამიანმა ამისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ პოლიტიკურ ძალებს საგანგებო განცხადებით მიმართა. პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში მიღებისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ კოდექსს ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. “საქართველოში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და მინდა, საგანგებო განცხადებით მივმართო პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე უნდა შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი.