“მოხარულნი ვართ, რომ პრემიერმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართვისგან თავი შეიკავონ”
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო მოხეელებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან.
„დღევანდელ შეხვედრაზე, განვიხილავდით რა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს და მომავალ არჩევნებს, შევეხეთ მრავალ საკითხს. მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომლითაც სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკაში ჩართვისგან საარჩევნო პერიოდში. ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პრობლემა იყო აქ და ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მნიშვნელოვანია, მთავრობამ განმარტოს როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე დანარჩენი მოქალაქეებისთვის, თუ რას ნიშნავს რესურსების არასწორი ხარჯვა და რომ ეს მონიტორინგს ექვემდებარება“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მელია იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე, როგორც უშუალოდ არჩევნების დღე, მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა. მან მოუწოდა ყველას, უმოკლეს დროში მიიღონ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი. ასევე, მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა.