“ესტონეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოსთან უვიზო რეჟიმს”
საქართველომ თავისი მხრიდან ყველაფერი გააკეთა სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად და ამ პროცესის დასრულება ევროკავშირზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ მარინა კალიურანდმა სტრასბურგში ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ქართველ ჟურნალისტებთან ესტონეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს.
“ჩვენ ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთვის მზადება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარება განვიხილეთ.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ესტონეთი, ისევე როგორც, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა, არამედ მთელი ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოსთან უვიზო რეჟიმს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ერთადერთი კითხვაა, როდის მოხდება ეს. ესტონეთი ევროკავშირის დღის წესრიგში ამ საკითხს დააყენებს. ეს ჩვენდამი ნდობის საკითხია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ დაპირებების შესრულება შეგვიძლია. თქვენი მხრიდან, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის და ახლა ამ პროცესის დასრულება ჩვენზე, ევროკავშირზეა”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.