ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვებინა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები