„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა, პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“, შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში, ინგლისურენოვან, ფრანგულენოვან და ჩინურენოვან მოხალისე მასწავლებლებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ასევე, დაჯილდოვდნენ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები. გასული სასწავლო წელი, მოხალისე მასწავლებლებთან ერთად ადგილობრივმა უცხოური ენის პედაგოგებმაც შეაჯამეს და უცხოელ კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ინიციატივით, 2010 წლიდან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად სტუმრობს უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი. მოხალისეები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.
უცხოელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის პროცესში კვალიფიკაციას იმაღლებენ ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები, ასევე ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს. პროგრამის მიზნებია: უცხოური ენების სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი პედაგოგიური მეთოდების დანერგვისა და უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფით; ადგილობრივი უცხოური ენების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების, სამეტყველო, ზოგად პროფესიული უნარების გაუმჯობესება;
უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, თანამშრომლობითი სწავლების დანერგვა სკოლებში;
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა: წერითი, კითხვითი, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და ინტერკულტურული კომპეტენციების ამაღლება; უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში. მოხალისე პედაგოგთა საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგებთან თანამშრომლობა და მათი ენის ცოდნის დონის ამაღლება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეებში უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლება;
ინტერკულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება (სასკოლო კლუბები, საზაფხულო ბანაკები და სხვა).
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან პროგრამის არეალი გაფართოვდა და ინგლისურ ენასთან ერთად ჩინური ენის სწავლებაც ხორციელდება (ჩინური ენის კომპონენტი ხორციელდება ჩინეთის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში).
2015 წლის სექტემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა გერმანულენოვან და ფრანგულენოვან მოხალისე მასწავლებლებს. აღნიშნული ინიციატივა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ენების მასწავლებლების დიდ ნაწილს არ მისცემია მშობლიურ ენაზე მოსაუბრე კოლეგასთან პრაქტიკული კომუნიკაციის საშუალება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ენობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები