პრემიერი: ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კავკასიის რეგიონში სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, აშენებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს.
მისი განცხადებით, საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს საქართველოს ქსელის შესაძლებლობებს.
„საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს. ჩვენს აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ვაშენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს შესაძლებელს გახდის აზიიდან ევროპაში საქონლის 45% -ით უფრო სწრაფ მიწოდებას. მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების დახმარებით, ასევე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის – საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების პროცესი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ლოგისტიკის სფერო განუწყვეტლივ ინვესტირებას საჭიროებს და შთამბეჭდავია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა იგრძნეს არსებული პოტენციალი და მზად არიან ინვესტირებისთვის. „მაგალითად, Gebruder Weiss, ავსტრიული სატრანსპორტო გიგანტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საქართველოს პირველი ა კლასის ლოჯისტიკური ცენტრის აშენების მიზნით „თეგეტა მოტორსთან” თანამშრომლობდა. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ შესაბამისი “ტექნიკის” შესაქმნელად და ამავდროულად, ვცდილობთ, “პროგრამული უზრუნველყოფის” დანერგვასაც. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ-ს ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით, რომელშიც არიან ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია. საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს. DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები