მანანა კობახიძე: მერაბიშვილი არ ყოფილა უკანონო პატიმარი, ეს პატიმრობა კანონიერი და დასაბუთებულია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, განჩინებაში არსად იყო ნახსენები ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი საქართველოში პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე დააკავეს. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით შეგნებულად გავრცლდა.
„სამწუხაროდ, გუშინ მერაბიშვილის ადვოკატი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა ამ საქმისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ის გარემოება, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობაში იყო. არ ჰქონია ადგილი ამ პუნქტის დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ადვოკატი აპელირებდა ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეებს შორის არსებითი განსხვავებაა. ეს დარღვევა ეხებოდა უკანონო პატიმრობას, ჩვენს შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის პატიმრობა იქნა კანონიერად მიჩნეული. ეს შედარებები კი ემსახურება სწორედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ თუნდაც ის მე-18 მუხლის დარღვევა, რომელზეც აპელირებს მხარე და პარალელს ავლებს, არც აქ თქმულა, რომ „ეს მუხლი დაირღვა იმის გამო, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული“. არსად პოლიტიკურ მოტივებზე ხაზგასმა არ არის, უბრალოდ განხილულია ის განცხადებები და ის მიმართვები, რომლებსაც მხარე სასამართლოში აგზავნიდა. კერძოდ, გარკვეული განცხადებები იყო გაკეთებული პოლიტიკური დევნის შესახებ და ეს განცხადებები ბუნებრივია, სასამართლოს უნდა განეხილა, თუმცა ამ გარემოებებზე დაყრდნობით არანაირი შეფასება არ გაუკეთებია სასამართლოს და პირიქით თქვა. კერძოდ კი შეფასება – „პოლიტპატიმარი“ არ გამოყენებულა, არც პოლიტიკური დევნა, როგორც ფაქტი დადებული და აღიარებული არ ყოფილა“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს გარკვეული მითითება მისცა რომ მერაბიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს, სიცრუეა. მისივე განცხადებით, მერაბიშვილს რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული და ი თავისუფლების აღკვეთა მისთვის კანონიერად მოხდა.
შეკითხვაზე გაასაჩივრებს თუ არა ქართული მხარე სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა და მოხდება თუ არა ამის გასაჩივრება ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ამისთვის მთავრობას სამ თვიანი ვადა აქვს. წინასწარი შეფასებისგან კი კობახიძემ თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები