მაგდა პაპიძის დედამთილმა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება მოითხოვა

მაგდა პაპიძე, შენ მკვლელი ხარ, – ასე მიმართა ომარ ქაფიაშვილის დედამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც პოზიციის დაფიქსირებისას მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედასა და და მაგდა პაპიძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
დარეჯან მინდიკაურმა მოითხოვა, მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა შეეფარდოს, რადგან მან „საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდა“. ამის საპასუხოდ მაგდა პაპიძემ დედამთილს ჰკითხა, როდის და სად დაინახა, რომ შვილს გუდავდა, რასაც დარეჯან მინდიკაურის რეპლიკა მოჰყვა და პაპიძე „მკვლელია“.

„მაგდა პაპიძე, შენ ხარ მკვლელი. მოვითხოვ სასამართლოსგან, რომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. მაინტერესებს, მაგდა, 6 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ გაგახსენდა თოკო, ერთხელ მაინც თუ დაგსიზმრებია? შენ საკუთარი შვილი საკუთარი ხელებით გაგუდე“, – მიმართა მაგდა პაპიძეს დარეჯან მინდიკაურმა.
მოწმის ჩვენებით, მისი შვილის და შვილიშვილის ცხედრების გადმოსვენებამდე ოთახიდან დივანი და სხვა ნივთები მეზობლებმა გაიტანეს. პანაშვიდების პერიოდში დივნის ადგილას, კედელზე, შპალერზე სისხლის კვალი იყო.
“ვინც მოდიოდა, ყველა ნახულობდა.  როდესაც დივანი უკან მოიტანეს მეზობლებმა და სხვა ნივთები, 3 თებერვალს სტუმრები მყავდა და ვიცოდი, მაგდა დივნის სათავსოში ჭურჭელს ინახავდა და დამჭირდა ჭიქები. ჩემს შვილს ავახდევინე, ვნახეთ, რომ სისხლი იყო ჩამოწვეთებული და ჭიქებიც და ჩაიდანიც დასვრილი იყო. გარედან დივანს სისხლის კვალი არ ეტყობოდა,” – განაცხადა მინდიკაურმა და აღნიშნა, რომ გამომძიებლებს შეატყობინა აღნიშნული ფაქტი.
მისივე ჩვენებით, მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ოთახის დალაგების დროს წიგნები მის ოთახში გაიტანა, რა დროსაც ჩანაწერების რვეული გადმოვარდა.
„მაგდას ნაწერი ვიცანი. ეწერა – ურო, პარკები“, – განაცხადა მინდიკაურმა, რომელმაც მაგდა პაპიძის ორსულობაზეც ისაუბრა.
მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები