ქობულეთის სკოლა-პანსიონი შესაძლოა მალე დახურონ – არის თუ არა ბავშვთა სახლის საქმიანობა კანონიერი? (!)
ქობულეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა – პანსიონის გახსნა საზოგადოების დიდმა ნაწილმა კრიტიკულად შეაფასა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი პანსიონის გახსნით, დიდი ბავშვთა სახლების დეინსტუციონალიზაციის პროცესი ფერხდება და ამან შესაძლოა ჯანდაცვის სისტემაში ახალი სირთულეები წარმოშვას. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პანსიონის გახსნაში ცუდი არაფერია და ეს ქობულეთში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დახმარებაა.
საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ”კვირა” აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და სიმართლის დასადგენად ორივე მხარის წარმომადგელებს გაესაუბრა. მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი ამბობს, რომ ქობულეთში ახლად აშენებული გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა ლიცეუმი არაკანონიერია,რადგანაც ეს არის დიდი ზომის ბავშვთა სახლის ტიპის ინსტიტუცია, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტანდარტებს: ”კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი ზომის ინსტიტუციები არის ძალადობის სხვადასხვა სახის კერა, სადაც ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა ვერ ხდება. მცირე საოჯახო ტიპის სახლები 6-10 ბავშვზეა გათვლილი, ქობულეთის პანსიონის მსგავსი ინსტიტუციები კი 50 ბავშვზე. ეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების დარღვევაა.” წერეთელის თქმით, პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფოს ერთპიროვნული დამოკიდებულება აქვს და მის საქმიანობას უკანონოდ აფასებს: ”სოციალური მომსახურების სააგენტო არის სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც აჟღერებს სახელმწიფო პოლიტიკას. ეხლა, მე თქვენ გესაუბრებით, როგორც საჯარო მოხელე. ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ბავშვის ინტერესი არ არის 50 ბავშვიანი ბავშვთა სახლი. სახელმწიფოს მთავარი მიდგომა ის არის, რომ ბავშვები ოჯახურ გარემოში აღიზარდონ, მათ ბიოლოგიურ მშობლებთან ერთად. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, ამყარებს ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც არის საყოველთაო.”
”კვირა,” ქობულეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორს გიორგი ქვრივიშვილსაც დაუკავშირდა. ის, სოციალური მომსახურების სააგენტოს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სააგენტოს მუშაობა მზრუნველობა მოკლებული ბავშვების შემთხვევაში არაეფექტურია: ”სოციალური მომსახურების სააგენტო და ისინი, ვინც ჩვენს საქმიანობას აპროტესტებენ, ვერ ხედავენ რეალობას და ცხოვრობენ დოკუმენტურ სივრცეში. ყველაფერს თავიანთ ოფისებში წყვეტენ ხოლო თუ გავლენ ოფისების გარეთ,მაგალითად წავლენ აჭარაში, სადაც შემიძლია პირადად გავყვე და ვანახო თუ, როგორ ცხოვრობენ ჩვენი ქალაქის შეჭვირვებული ოჯახები, რომლებსაც ყავთ შვილები, ვისაც სჭირდებათ დახმარება, ნახავენ რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის, როგორც წარმოუდგენიათ. თბილისში ყოფნა და იქიდან რადიკალური განცხადებების კეთება მარტივია. უფრო რთულია პრობლემის გადაჭრა.” ქობულეთის საბავშვო სახლი ორ მცირე ზომის სახლად არის დაყოფილი. ამ ეტაპზე იქ 13 აღსაზრდელია, თუმცა საერთო ჯამში, პანსიონს 50 აღსაზრდელის შენახვა შეუძლია. ქვრივიშვილის თქმით, ბავშვების უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და მათი მშობლები ფინანსური პრობლემების გამო მათ შენახვას ვერ ახერხებენ. როგორც ”კვირამ” გაარკვია, ერთი ბავშვის შენახვისთვის დღე-ღამის განმალობაში პანსიონი 17 ლარს ხარჯავს.
ქვრივიშვილი ამბობს,რომ არსებული თანხა მთლიანად ხმარდება აღსაზრდელების კეთილდღეობას. ბავშვებს ჰყავთ საუკეთესო ფსიქოლოგები და პედაგოგები. ისინი ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ აქტივობებში. აქვთ პერსონალური კომპიუტერები, ტანსაცმელი, პირადი ჰიგიენის ნივთები და ყველა ის ატრიბუტები, რაც მათი აღზრდისთვის და განვითარებისთვის საჭიროა. ინფორმაციის დასაზუსტებლად საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი ”კვირა” სახალხო დამცველსაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა ქობულეთის სკოლა-პანსიონს უარყოფითი შეფასება მისცა. ”დღევანდელი მდგომარეობით, აღსაზრდელები არაფორმალური განათლების ფარგლებში და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულნი არ არიან. დაწესებულებაში არ არის შემუშავებული აღსაზრდელთა ინდივიდუალური განვითარებისა და მომსახურების ინდივიდუალური გეგმები. დაწესებულებას ჰყავს 4 აღმზრდელი, რომლებთანაც დადებულია 3 თვიანი ხელშეკრულებები გამოსაცდელი ვადით. სააღმზრდელო დაწესებულებაში არ ჰყავთ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. აღნიშნული ბავშვთა სახლის გახსნა ეწინააღმდეგება სახელწიფო პოლიტიკას ბავშვზე ზრუნვის სფეროში, რაც გულისხმობს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას და დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების გაუქმებას,” ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ შეფასებაში.