სააკაშვილისგან შემოგვითვალეს: ან „რუსთავი 2“-ს დათმობთ, ან „ტრუსიკებით“ დაგტოვებთო – რას იხსენებს დავით დვალი

სააკაშვილისგან შემოგვითვალეს: ან „რუსთავი 2“-ს დათმობთ,ან “ტრუსიკებით“ დაგტოვებთო – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დვალი გამოცემასთან იხსენებს, რა ეტაპები გაიარა ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე.
„რუსთავი“-ის იტორია 1993 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მე, ჯარჯი აქიმიძემ და ეროსი კიწმარიშვილმა რუსთავში ტელევიზიის დაფუძნება გადავწყვიტეთ. მანამდე ეროსი და ჯარჯი გაზეთსაც უშვებდნენ, თუმცა მედიასაქმეში მაინც გამოუცდელები ვიყავით. ეთერში პირველად 1994 წლის 1-ელ ივნისს გავედით. სახელისუფლებო წრეები არხით პირველივე დღეს დაინტერესდნენ – აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდისთვის განსხვავებულ პროდუქტს ვქმნიდით.
პირველად ჯერ კიდევ რუსთავში მაუწყებლობისას დაგვხურეს -მაშინდელი გუბერნატორი ლევან მამალაძე ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, თუმცა გაფართოება მოვახერხეთ და თბილისში გადმოვედით. თბილისში პირველად ანძის დირექტორმა დაგვირეკა უნდა გაგთიშოთო. მას შემდეგ უშიშროება გვატერორებდა. 2004 წლის დასაწყისში დამფუძნებლების ხედვები აღარ დაემთხვა ერთმანეთს. მე და ჯარჯი აქიმიძე ვფიქრობდით, რომ კრიტიკულ ტელევიზიად უნდა დავრჩენილიყავით ეროსი მიიჩნევდა, რომ ახალ ხელისუფლებას მხარში უნდა ამოსდგომოდა, ასე რომ, ეროსისთან კონტაქტი 2004 წლის მარტში გავწყვიტეთ, ორი თვის განმავლობაში ერთმანეთს არც კი შევხმიანებივართ.
ერთხელ ეროსიმ დამირეკა, სააკაშვილს ჩვენთან ტელევიზიის მომავალზე საუბარი სურსო. ვუპასუხე, რომ სააკაშვილთან საუბარს არ ვაპირებდ. მერე ვანო მერაბიშვილსა და ზურა ადეიშვილთან დალაპარაკებას გვთავაზობდნენ. 29 მაისს ეს შეხვედრა შედგა, სადაც ტელევიზიის დათმობა შემოგვთავაზეს. სიმბოლურ ერთ დოლარს ახსენებდნენ და ასეთი წინადადება ჰქონდათ – ეროსი დარჩება, შენ და ჯარჯი ტელევიზიიდან წადითო. საუბარი დავასრულეთ და კარი გამოვიჯახუნეთ. ამის შემდეგ ორი მანქანა მუდმივად დაგვყვებოდა, გვისმენდნენ, შავნიღბიანი პირები გვითვალთვალებდნენ.
ადეიშვილს დავურეკე, რა ხდება-მეთქი? არაფერი ვიციო… მოგვიანებით შევხვდი და მითხრა, რომ მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდეთ და პრობლემა არ იქნებაო. როდესაც ჩვენი დათანხება არ გამოუვიდათ, გაკოტრების მექანიზმი ამოქმედდა. მართალია, 2004 წლის თებერვალში ტელეკომპანიას დავალიანება ჰქონდა, მაგრამ ეს გაკოტრების მიზეზი ნამდვილად არ იყო. არ ვიცი, როგორ, თუმცა 2004 წლის მაისში დავალიანება ათჯერ, დაახლოებით 9 მილიონამდე გაიზარდა. ერთმა თანამშრომელმა დამირეკა, ქიტოშვილი (ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე), ბუღალტერიაში რაღაც ქაღალდებზე მუშაობსო. მთავარი პრობლემა იყო ისიც, რომ MDLF-ისგან მიღებული სესხის გარანტად ჩვენი მეორე კომპანია “ჯორჯიან ონლაინი“ იყო ჩადებული, ასევე ჩემი და ჯარჯის სახლები. სააკაშვილისგან შემოგვითვალეს: ან “რუსთავი 2“ -ს დათმობთ,ან ტრუსიკებით დაგტოვებთო“,- აცხადებს დვალი და პროცესში ქიბარ ხალვაშის გამოჩენას იხსენებს.
„აღმოჩნდა, რომ ტელევიზია ვინმე პაატა კარსანიძისთვის უნდა გაგვეფორმებინა, რომელიც ბათუმში „ხრუშჩოვკაში“ ცხოვრობდა და, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ კომპანიის მფლობელი აღმოჩნდებოდა. მეორე დღეს ნოტარიუსთან ქიბარ ხალვაში დაგვხვდა, გვითხრეს, კარსანიძე აღარ არის მფლობელი, ახალი მესაკუთრე ხალვაშიაო. ქიბარმა მე და ჯარჯის გვითხრა, თქვენ ფინანსურ ვალდებულებებს მე ავიღებო. ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 1.200.000-ის ვალდებულებისგან ვთავისუფლდებოდით და სესხს ის დაფარავდა. ცოტა ხანში კი ტელევიზიით ვიგებ, რომ ხალვაშიც იმავე სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა -ბიზნესი დაუწვეს და ქვეყნიდან გააქციეს“,-აცხადებს დავით დვალი.
რაც შეეხება ინფორმაციას,რომ ქიბარ ხალვაშმა 7 მილიონი ეროსი კიწმარიშვილსაც გადაუხადა. დვალი აცხადებს,რომ მსგავსი ინფორმაცი მასაც აქვს. “ქიბარმა მეც მითხრა ეროსის 7 მილიონი გადავუხადეო,მაგრამ მტკიცებულებაა მნიშვნელოვანი და არა ზეპირი საუბარი.ეროსი ამტკიცებდა ქიბარს არაფერი მოუციაო,მაგრამ კითხვა ჩნდება-თუ ეროსის ტელევიზია იძულებით წაართვეს,ჩვენგან განსხვავებით მას პრობლემები რატომ არ ექმნებოდა?პირიქით,სავაჭრო პალატის ხელმძღვანელად დანიშნეს,მოგვიანებით რუსეთში საქართველოს ელჩიც გახდა“,-აღნიშნავს დვალი.
კითხვაზე, რატომ არ დაობს დვალი თუ “რუსთავი 2“ უკანონოდ წაართვეს, მას ქიბარ ხალვაშის განცხადება მოჰყავს.
“ქიბარმა თქვა,რომ შეთანხმებისთვის მზად არის და ტელევიზია მხოლოდ თავისთვის არ სურს. თუმცა,თუ ქიბართან ვერ შევთანხმდით,მისი გამარჯვება ჩვენც გაგვიმარტივებს საქმეს და საჭიდაო მხოლოდ მასთან გვექნება“-აღნიშნავს დვალი. რაც შეეხება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას, არჩევნებამდე “რუსთავი2“-ის მენეჯმენტის უცვლელად დატოვების თაობაზე, დვალი წინადადებაზე უარს ამბობს.
„ბიძინა ივანიშვილს მადლობას ვუხდი, მაგრამ ამ წინადადებაზე უარს ვამბობ. ამ ეტაპზე მთავარია სამართლიანობის აღდგენა. გვინდა, არხი კრიტიკული იყოს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე მიბმული“, – აცხადებს დავით დვალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები