პრეზიდენტი საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის აღდგენის 23-ე წლისთავს ულოცავს

 პრეზიდენტი საზოგადოებას სახელმწიფოებრიობის აღდგენის 23-ე წლისთავს ულოცავს. მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის იდეა მუდამ ერთ მუშტად კრავდა, ერთი დიდი მიზნისაკენ მიმართავდა ქართველი ხალხის ენერგიას.
“დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. დამოუკიდებლობის მოპოვებისა თუ შენარჩუნების ძალისხმევა ჩვენს ისტორიას ათასწლეულების განმავლობაში წარმართავდა. ქუჯისა და ფარნავაზის ეპოქიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის იდეა მუდამ ერთ მუშტად კრავდა, ერთი დიდი მიზნისაკენ მიმართავდა ჩვენი ხალხის ენერგიას. საქართველოს მოსახლეობას არასდროს დაუყენებია ეს მიზანი კითხვის ნიშნის ქვეშ.
დამოუკიდებლობა ხომ, როგორც ზვიად გამსახურდია იტყოდა, “ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”. 1991 წლის რეფერენდუმი ამ ენერგიის თანამედროვე ფორმით გამოხატვისა და ახალ ისტორიულ რეალობაში ჩვენი უძველესი მიზნის საბოლოოდ განხორციელების აქტად იქცა, რომელმაც ჩვენს შემდგომ განვითარებას დაუდო სათავე. ამ დღეს ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ, გავხდეთ თანამედროვე განვითარებული სამყაროს სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ადგილი, რომელიც სამართლიანად გვეკუთვნის, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს. ამ ისტორიულ მოვლენებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად განსახურდიას როლი სრულიად განსაკუთრებულია. დღეს მისი დაბადების დღესაც აღვნიშნავთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს.
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავაარსო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა. ამ ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი, მისი ღვაწლის დაფასება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისათვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა”,- აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები