დიმიტრი ქუმსიშვილი: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ტყუილ ბრალდებებს ვერ მივიღებთ
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესში კანონმდებლობის ფარგლებში ჩაერთვება. როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ აქვს და ამ კუთხით საკითხის გადამოწმების არაერთი მექანიზმი არსებობს. მინისტრის განცხადებით, ტყუილი ბრალდებები მისთვის მიუღებელია.
„კანონმდებლობა არის მთავარი. როგორც გუნდის წევრი, ვარ აქტიური და ვიქნები აქტიური ამ მიმართულებით. არ ვიყენებთ არანაირ ადმინისტრაციულ რესურსს. ეს არის ძალიან მარტივი, საქართველოში არის შემუშავებული არაერთი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ აღნიშნული იყოს გადამოწმებული. აქედან გამომდინარე, ტყუილ ბრალდებებს არ და ვერ მივიღებთ და თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტი ექნება, ამაზე, რა თქმა უნდა, რეაგირება გვექნება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ”მთავრობის ბევრი წევრი იქ ხათრითაა შერჩენილი”, ქუმსიშვილის თქმით, ემსახურება ქვეყანას და ემსახურება ”ძალიან წრფელი გულით და მონდომებულად“.