წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან საარჩევნო რეგულაციების ქვეშ მედიასაშუალებებიც ექცევა
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან საარჩევნო რეგულაციების ქვეშ მედიასაშუალებებიც ექცევა.
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ”საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.
საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან მაუწყებლებმა საარჩევნო სუბიექტებისათვის უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოყონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ხორციელდება, რომლის მიხედვით, უფასო სარეკლამო დროით ყველა ის პარტია ისარგებლებს, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთან, არ იგეგმება მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობის გაზრდა.
პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ხელი დღეს მოაწერა. საქართველოში როგორც საპარლამენტო არჩევნები, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.