გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა სემეკ-თან აქცია გამართეს

გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა სემეკის შენობასთან აქცია გამართეს და გაზრდილი წყლის ტარიფი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა სემეკის შენობის წინ პროტესტი ვედროებით გოგირდის წყლით დაღვრით გამოხატეს.
შპს “ნარიყალას” დირექტორ ნოდარ ტოტოღაშვილის განცხადებით, წელიწადნახევარია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ.
“დღევანდელი ჩვენი აქცია მიმართულია იმ პრობლემაზე, რომელიც წელიწადნახევარია გრძელდება. სემეკმა გვინდა გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა, შეასრულოს თავისი ვალდებულება და დაადგინოს გონივრული ტარიფი, რომელიც 2000 წელს არის დადგენილი #17 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანება წყალარინების ფასს ითვალისწინებს 0-დან 85 თეთრამდე. წელიწადნახევარია ვიბრძვით, მაგრამ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გვიწესებს მაქსიმალურ ზღვარს, 85 თეთრს. ეს ჩვენთვის მიუწვდომელია. დღეს კიდევ ერთხელ დავღვარეთ აქ დაახლოებით 100 ლიტრი წყალი და ამის გონივრულ ტარიფად მიგვაჩნია 2 თეთრი, ანუ 1 ტონა წყალზე 20 თეთრი. ეს 2 თეთრი მოვათავსეთ ყუთში, რომელსაც სემეკის ხელმძღვანელობას გადავცემთ”, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.
აქციის მონაწილეები მსგავსი პროტესტის გამოხატვას 7 ივნისს თბილისის მერიასთან აპირებენ, მანამდე, რამდენიმე დღის წინ, მსგავსი აქცია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” შენობასთან გაიმართა, რომელსაც, ტოტოღაშვილის თქმით, კომპანიის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები