გიორგი კვირიკაშვილი: ალექსანდრე ჯეჯელავა არის მნიშვნელოვანი და ღირებული შენამატი ჩვენი გუნდისთვის

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება განახლებული ხედვები ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის“, -აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა აღნიშნა, განათლების ახალ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ.
პრემიერის თქმითვე, განათლების სფერო ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე სტრატეგიული სფეროა და სწორედ რეფორმების წარმატებაზე არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი განვითარება და დინამიკა.
„მინდა წარმოგიდიგინოთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში, იგი გახლავთ კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. მას შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე „იესემის“ ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს თავისუფალი უნივერსიტეტის სახელით არის ცნობილი.
მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, ინოვაციის სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი პროგრამის მიმართულებებს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების, კადრების გადამზადების სფერო და ა.შ. ის დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე.

მას გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა მასთან ერთად და საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი კანდიდატურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე.
საერთოდ ვთვლი, რომ განათლების სფერო ყველაზე სტრატეგიული სფეროა დღეს ჩვენთვის. განათლების სფეროზე, განათლების მიმართულებაზე და ჩვენი რეფორმების წარმატებებზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება და დინამიკა, რომელსაც ჩვენ შევქმნით.
ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ერთიან გუნდად გავაგრძელებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკვე ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძეს გაწეული სამუშაოებისთვის და წარმატება უსურვა როგორც მას ასევე ახლადდანიშნულ მინისტრს.
„მინდა მადლობა გადავუხადო თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის, რომელიც მან ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა.ეს იყო უამრავი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები განათლების სისტემაში.
განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის კუთხით ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა.
მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან. ის რჩება ჩვენს გუნდში და უახლოეს პერიოდში გვექნება უკვე საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
მინდა წარმატება ვუსურვო პირველ რიგში თამარ სანიკიძეს. წარმატება მინდა ვუსურვო ასევე ალექსანდრე ჯეჯელავას, რომელიც არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენამატი ჩვენი გუნდისთვის“,-აღნიშნა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები