ირაკლი შოთაძე: წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლა პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია

წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლა პროკურატურის მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შოთაძის შეფასებით, ანგარიში საინტერესო იყო.
„მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ანგარიში იყო და უფრო დეტალურად გავეცნობით. ჩვენი მხრივ, მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს იმ გამოძიებების შესახებ, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ მიმდინარეობდა. შესაბამისად, სამუშაო კომისიას სრული წვდომა ჰქონდა იმ ინფორმაციასთან, რაც პროკურატურაში არსებობს. ამ მიმართულებით ბევრი საჩივარი და განცხადება გვაქვს მიღებული, მიმდინარეობს გამოძიება და ბევრ საქმეზე უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა შოთაძემ.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სასტუმრო ”ჰუალინგში” ანგარიში – ”წარსულში (2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” წარმოადგინა. დასკვნა მომზადდა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.
”2012 წლის 18 სექტემბერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ,,ციხის კადრებ’’-მა, რომლებიც ასახავდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც განაპირობა სამუშაო ჯგუფის შექმნა. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლასა და ანალიზს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ შეფასებებს, სტატისტიკას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს. სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის”, – აღნიშნულია კომიტეტის დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები