დავით სერგეენკო: არცერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს პრეზიდინტის გუშინდელ განცხადებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას „მთავრობაში არცერთი ძველი ბიჭი არ უნახავს“.
„სამი წელი და 8 თვეა, მთავრობაში ვარ და სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთი ძველი ბიჭი მთავრობაში არ მინახავს“, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას კორცხელის ინციდენტსზე მიმდინარე გამოძიებასაც შეეხო.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მოდურ ტენდენციად იქცა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული სამართლებრივ პროცესებში, უნდა აკრიტიკოს გამოძიება და სასამართლო.
„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მოდური ტენდენცია გახდა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც არ არის ჩახედული საგამოძიებო პროცესში, სასამართლო პროცესებში, გამოხატოს კრიტიკა ამა თუ იმ მიმართულებით. მე მგონი, გამოძიებას და სასამართლოს უნდა მივცეთ საშუალება, დაკავდნენ თავისი საქმით და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეხედულებები და კრიტიკა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ”კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებული სიჩუმე, რომელიც ესმის სამართალდამცველი ორგანოებიდან და შესაბამისი სტრუქტურებიდან, რომლებსაც ამაზე სამაგალითო რეაქცია უნდა გაკეთებინათ, უკვე დამაფიქრებელია”.
პრეზიდენტის თქმით, როდესაც ამ პროცესებს აკვირდება, უჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელიც ასე უყურებს ამ პროცესებს.
”ეს თავქარიანი, მოძველბიჭო დაჯგუფება, რომელმაც წარმატებით გადმოიბარა ”ნაციონალური მოძრაობისგან” როგორც ”ზონდერული” პოლიტიკა, ასევე მთელი მექანიზმები, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა და რომელსაც ძალიან ნათელი უარი ვუთხარით ოთხი წლის წინ, ასე უყურებს პოლიტიკას და პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში. მათ ”ნაციონალების” მიერ შექმნილი რაღაცა ძალადობრივი სისტემა გადმოიფორმეს და ახლა ეს რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს, რომ ასე წარმართავს პოლიტიკას. ძალიან ნათლად ქართულმა საზოგადოებამ ”ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ ამ ძალადობის გამო უარი უთხრა და გაუშვა ხელისუფლებიდან. არავის ეგონოს, რომ ისინი შეძლებენ იგივე მექანიზმებით თავს მოახვიონ საზოგადოებას რაიმე ტიპის გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები