ეკა ბესელია კორცხელის ინციდენტში მონაწილე 5 პირისთვის ბრალის წაყენების ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია კორცხელის ინციდენტში მონაწილე 5 პირისთვის ბრალის წაყენების ფაქტს უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არაერთხელ გაუსწორდნენ მოქალაქეებს, თუმცა არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
„იმ პერიოდში, როდესაც იყო უამრავი ძალადობა ჩვენს მოქალაქეებზე, იყო უსასტიკესი ანგარიშსწორებები, არ მახსოვს არასდროს ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, კანონით და სამართლის სიზუსტით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და სასამართლომ და გამოძიებამ იხელმძღვანელოს მხოლოდ სამართლიანობის და კანონიერების პრინციპით”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ.
გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. მთავარი პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს. უწყება ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები