გიორგი მარგველაშვილი: ხშირად ხდება, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები საკუთარში ერევათ

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით არის გათვალისწინებული.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის შეფასებებზე კომენტირებისას განუცხადა, ახლა მზადდება ამ საკითხზე უფრო დეტალური ანგარიში. ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა ნახონ, რომ სიტყვა-სიტყვით, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ვეტოში.
„ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. რა თქმა უნდა, ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში ამოსავალი წერტილი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ ზოგ შემთხვევებში შესაძლოა, მოსაზრებები რომელიღაცა ექსპერტის და ვენეციის კომისიის ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი ვენეციის კომისიის დოკუმენტი იყო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები